მითი N1
კოლექტიურ მეხსიერებაში, საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლა განიხილება, როგორც კანონზომიერი, გარდაუვალი და ბუნებრივი ფაქტი. ეს კი ახსნილი იყო იმით, რომ ბოლშევიკების მხარეს არაერთი ქართველი იყო. აქედან გამომდინარე, გასაბჭოება აღიქმებოდა, როგორც დაპირისპირებული ქართველების ორ ჯგუფს შორის ბრძოლა.
რეალობა
საქართველოში შემოჭრილ სამხედროებს შორის ქართველები საერთოდ არ ყოფილან. ამას ადასტურებს ის, რომ ომის დღეებში გენერალ მაზნიაშვილის მიერ აყვანილ ტყვეებსა და მოკლულ წითელ არმიელებს შორის ქართველები არ იყვნენ. დატყვევებული არმიელები რუსთაველის გამზირზე, აკრედიტირებული დიპლომატების წინ ჩამოატარეს იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს წინააღმდეგ, იარაღით ხელში, ქართველები არ იბრძოდნენ.
მითი N2
სტალინს არ სურდა საქართველოს ოკუპაცია.
რეალობა
საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსკოვში ლენინსა და სტალინს შორის აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსია. დოკუმენტირებულ მასალაში, რომელსაც apsny.ge ავრცელებს. ჩანს, რომ სტალინი მხარს უჭერდა საქართველოს მთავრობის სამხედრო გზით დამხობას და შეჭრისთვის ლენინის ნებართვას დაჟინებით ითხოვდა. ამ საკითხს კი ლენინი სიფრთხილით უდგებოდა, თუმცა საბოლოოდ ძალის გამოყენებას დათანხმდა.
1920 წლის 22 ნოემბრის ტელეგრამაში (№182), რომელიც სტალინმა ჩიჩერინს გაუგზავნა, ვკითხულობთ:
“ჩემი ხედვით, ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაციაა თურქეთის წარმატებული ომი საქართველოსთან, რაც რუსეთს, როგორც მოკავშირესა და მფარველს, ჩარევის საშუალებას მისცემს.”
მართლაც, ბათუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების ყოფნის დროს, იქ ოსმალეთის ჯარი შევიდა. რუსეთის წითელ არმიას ოსმალებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მითი N3
წითელი არმიის წინააღმდეგ მხოლოდ იუნკერები იბრძოდნენ.
რეალობა
ტაბახმელასთან გამაგრებული იუნკერთა რაოდენობა 152 იყო. მათ გარდა სამხედრო სკოლიდან ბრძოლაში ჩაერთო უნტერ-ოფიცერთა ბატალიონი (350 კურსანტი), არტილერია (15 მებრძოლი) საინჟინრო ნაწილი (10 მებრძოლი), კავალერია (5 ცხენოსანი). ტაბახმელას გარდა, რუსული არმია თბილისს ყველა მხრიდან უტევდა. მათ წინააღმდეგ რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის 10 000-მდე ჯრისკაცი იბრძოდა.
მითი N4
საქართველოს მთავრობა ქვეყნიდან უბრძოლველად გაიქცა.
რეალობა
თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ 24 თებერვალს მიიღო, მას შემდეგ, რაც დედაქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე გაჩნდა. კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარეს, მთავარსარდლის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება არ ჰქონდა. გარდა ამისა, თბილისის დაცემის შემდეგ ქართული არმია კიდევ 3 კვირის მანძილზე იბრძოდა. აგრეთვე, მთავრობის ემიგრაციაში წასვლა მას დამოუკიდებლობითვის ბრძოლის ლეგიტიმურ საფუძველს უტოვებდა. (americachip.com) საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, მთავრობა იძულებული იქნებოდა ძალაუფლება რევკომისთვის გადაეცა, რაც ოკუპაციას ლეგიტიმურობას შესძენდა.
/ნუცა ხუნდაძე/
წყარო: https://mythdetector.ge/ka/mithi-saqarthvelos-sabtchotha-okupatsiis-shesakheb/
No comments:
Post a Comment