იხილეთ ქართველ იუნკერთა სია
- https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/5919/1/kartveli_%20Iunkerebi.pdf -
(საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)
იუნკერი გერმანული სიტყვაა და თავისი თავდაპირველი შინაარსით ახალგაზრდა ბატონს ნიშნავს, თუმცა შემდგომში მან ეს მნიშვნელობა დაკარგა და იუნკერი ეწოდებოდა სამხედრო სასწავლებლის ახალგაზრდა მსმენელს, რომელიც ოფიცერი უნდა გამხდარიყო. იუნკერი (ჟუნკერ) გერმანულად თავადაზნაურული წარმოშობის უნტერ-ოფიცერს ნიშნავს.
ქართულ იუნკერთა სკოლის ისტორია არა გერმანიას, არამედ მეფის რუსეთს უკავშირდება. იმხანად თბილისის იუნკერთა სასწავლებელში მეფის არმიისთვის საშუალო რანგის ოფიცრებს ამზადებდნენ. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გადაწყდა, ეროვნული არმიისა და მაღალი ჩინის ოფიცერთა კორპუსის შესაქმნელად გახსნილიყო ქართული სამხედრო სკოლა, რომელსაც იუნკერთა სასწავლებელი დაერქვა. ამ იდეის განხორციელება ბრწყინვალე მხედართმთავარს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს დაევალა.
დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალგაზრდა ოფიცერთა კადრების აღზრდას. 1919 წლის აგვისტოში იუნკერთა სკოლას 90 მსმენელი უნდა მიეღო, რომლებიც ოთხ ძირითად სპეციალობაზე განაწილდებოდნენ: სამოცი კურსანტი ქვეითი ჯარის განყოფილებაში ჩაირიცხებოდა, თხუთმეტი საარტილერიო საქმეს შეისწავლიდა, ათს საინჟინრო საქმეში მოამზადებდნენ, ხოლო ხუთს – კავალერისტად. კურსანტები სკოლაში სწავლების ორწლიან კურსს გადიოდნენ. სასწავლებელში დღე დილის 6 საათზე იწყებოდა. იუნკრებს სამხედრო საქმის ისტორიას, ტოპოგრაფიას, ფორტიფიკაციას, ტაქტიკას და სხვა სამხედრო საგნებს ასწავლიდნენ. დილით თეორიული მეცადინეობა იმართებოდა, შუადღის შემდეგ კი სროლაში, ჯირითსა და სამწყობრო საქმეში ავარჯიშებდნენ. სკოლის პროგრამაში საერო საგნებიც შედიოდა. ისტორიაში ლექციებს უნივერსიტეტის პროფესორი ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა, მწერალი ვასილ ბარნოვი კი იუნკრებს ლიტერატურაზე ესაუბრებოდა. სკოლის ხელმძღვანელი გიორგი კვინიტაძე მომავალ ოფიცრებს ტაქტიკისა და სამხედრო ისტორიის კურსს უკითხავდა.
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს დაესხა. 17 თებერვალს დილის 5 საათზე გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბრძანება გასცა, საბრძოლო პოზიციები სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, საქართველოს იუნკერთა სკოლის მსმენელებსაც დაეკავებინათ.
19 თებერვალს დაიწყო პირველი შეტაკება თბილისის აღების მიზნით.
9-24 თებერვლის ბრძოლების დროს დაიღუპა 9 იუნკერი: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი. დაიღუპა სამხედრო სკოლის ორი ოფიცერიც: მაიორ არჯევან ანანიაშვილი და ლეიტენანტი ირაკლი თოიძე. დაიჭრა სამხედრო სკოლის 7 ოფიცერი და 43 იუნკერი. დაღუპულ იუნკერთა ნაწილი გოლოვინის გამზირზე, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს (დღეს ამ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობა დგას).
გამოყენებული ლიტერატურა:
იუნკერები -ავტორი: მიხეილ ბახტაძე, ისტორიკოსი
იუნკრები – საამაყო ქართული ისტორი
ძალიან მაგარი და საინტრტოსო იყო
ReplyDeleteგმირების ქვეყანაა ჩემი საქართველო
ReplyDelete