Tuesday, March 12, 2024

1954 წლის გიორგი კვინიტაძის "ჩემი პასუხი" ნოე ჟორდანიას მოგონებების 1953 წლის "ჩემი წარსული"

ნოე ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ გამოიცა მისი მოგონებები “ჩემი წარსული”, სადაც სუბიექტურად და დამახინჯებით იყო გაშუქებული სამხედრო თემატიკა. ამ მოგონებების პასუხად გ. კვინიტაძემ 1954 წელს დაწერა ბროშურა “ჩემი პასუხი”, სადაც არგუმენტირებულად გააბათილა ნ. ჟორდანიას ბრალდებები. ვფიქრობთ, ბრუშურა გამოადგება 1918-1921 წლების შემსწავლელ ყველა დაინტერესებულ პირს, რადგან კარგად ასახავს დამოკიდებულებებს და კომპეტენციის დონეს.

ბროშურა დაასკანერა და გაასაჯაროვა საპატიო ლეგიონერმა, ქ-ნმა ანი ჭეიშვილმა.
ბროშურის სათაური: “ჩემი პასუხი”
ავტორი: გენერალ-მაიორი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გ. კვინიტაძე
სტილი: ანალიტიკა
გვერდები: 39 გვ.

იხილეთ: https://www.samshoblo.org/Giorgi%20Kvinitadzis%20Cemi%20pasuxi.htm#%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი და მისი გმირები

რუსეთ-საქართველოს  1921 წლის ომი და მისი გმირები

ინტელექტუალური კონკურსი „არა ოკუპაციას“

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ოკუპაციის კვირეული ფარგლებში სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შორის ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი „არა ოკუპაციას“. კონკურსის თემატიკა იყო: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ“ . მოსწავლეებმა გამოავლინეს საკითხისადმი ღრმა ინტერესი და მომზადების მაღალი დონე.

კითხვები რომლებიც გაჟღერდა კონკურსზე:

1.             როგორ იწოდებოდა 1918-21 წლებში საქართველოს სახელმწიფო და როგორ იწოდება დღეს?

2.             როგორი იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი საერთაშორისო ომიანობაში „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“  მე-3 მუხლის მიხედვით.

3.             ვინ შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი და რა იყო მასზე გამოსახული

4.             სად ჩამოყალიბდა ქართველ სიმბოლისტთა პოეტების და მწერლების გაერთიანება „ცისფერყანწელთა ჯგუფი და რომელ წელს.

5.             რომელი წმინდანის ხსენების დღეს დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი და ვისი ინიციატივით.

6.             როდის აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ვინ აირჩიეს საქართველოს ეკლესიის კათალიკოს პატრიარქად.

7.             როდის ჩატარდა „დამფუძნებელი კრების“ იგივე პარლამენტის არჩევნები და რომელმა პარტიამ გაიმარჯვა.

8.             გენდერული თვალსაზრისით რითი იყოსაქართველო ერთერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში. დაასახელეთ თუნდაც ერთი დეპუტატი ქალი.

9.             რომელი ორი ისტორიული პერსონაჟია  ფოტოებზე?

10.         როდის დაიდო რუსეთ საქართველოს ხელშეკრულება და რა საფრთხეს შეიცავდა იგი?

11.         რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში სურდა საქართველოს გაწევრიანება და რამ შეუშალა ხელი.

12.         რისი პროვოცირება მოაწყო რუსეთმა ბორჩალოს მაზრაში ლორეში, რაც წითელი არმიის შემოჭრის საბაბად გამოიყენა.

13.         „შვილებო ჩემი მოვალეობაა თქვენი წიგნის და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადავდოთ და იარაღით ხელში მტერს მიეგებო, და აი მე დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ“    ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?

14.         ერთ ერთი ბრძოლის დროს, სტრატეგიული სიმაღლის დაბრუნებისას კონტრშეტევაზე გადასულ ქართველებს გორაკიდან ტყვიამფრქვევით ცეცხლი გაუხსნეს. ერთმა იუნკერმა სწრაფად გადაირბინა მონაკვეთი, მემიზნე ოფიცერს ხიშტი აძგერა და ტყვიამფრქვევს გადაეფარა. ასე გადაარჩინა თავისი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები“.    ვინ იყო ეს იუნკერი?

15.         რა მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს. კიდევ რომელმა სახელმწიფომ ისარგებლა ამ შემთხვევით და თავს დაესხა საქართველოს?

16.         ცხადი იყო თუ ოსმალები გამაგრდებოდნენ ბათუმში, შემდგომში ბათუმის უკან დასაბრუნებლად ჩვენ დიდი ომი დაგვჭირდებოდა, რასაც საქართველო ვერ შეძლებდა. ვის ეკუთვნის ეს სიტყვები და რა დამსახურება აქვს მას ერის წინაშე.

17.         როდის დატოვა დემოკრატიული საქართველოს მთავრობამ საქართველო და სად გაემგზავრა.

18.         დაასახელეთ პიროვნება რომელმაც შეუნახა საქართველოს ეროვნული განძი და რა უწოდა მას მადლიერმა შთამომავლობამ?

19.         ვინ იყო საქართველოს მთავარსარდალი 1921 წლის თებერვალში და რა ბრძანება გასცა მან 24 თებერვალს?

20.         როგორი ხელისუფლება დამყარდა წითელი არმიის მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე.



















რას წერდა ივანე ჯავახიშვილი გეორგიევსკის ტრაქტატისა და რუსეთთან ურთიერთობის შესახებ

 

ბოლო დღეებია, არ წყდება დისკუსია 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დადებული ტრაქტატისა და ერეკლე მეორის  შესახებ. ამ საკითხს ისტორიკოსმა, საზოგადო მოღვაწემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადამფუძნებელმა, ივანე ჯავახიშვილმა არაერთი ნაშრომი მიუძღვნა. 1919 წლით დათარიღებული მონოგრაფია – „დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში“ ქართულ ენაზე დაწერილი ერთ-ერთი პირველი ნაშრომია, რომელიც მე-18 საუკუნის საქართველოს ისტორიასა და რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ისტორიკოსი წინასიტყვაობაში აღნიშნავდა, რომ „აწინდელმა ქართველმა პოლიტიკოსმა ამ ჩვენს წარსულშიაც შეიძლება თანამედროვე მდგომარეობისთვისაც ბევრი რამე საგულისხმო და გამაფრთხილებელი ამოიკითხოს“.

          ივანე ჯავახიშვილი მონოგრაფიაში ყურადღებას ამახვილებს ვახტანგ მეექვსის ღვაწლზე, მიღწევებზე, სპარსეთსა და ოსმალეთს შორის გაყოფილ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოზე, რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველზე, 1722 წელს როგორ ჩართო მან საქართველო კონფლიქტებში და შემდეგ როგორ მიატოვა, როგორ დაუთმო აღმოსავლეთ საქართველო ოსმალეთს, როგორ გააფორმა მასთან ზავი, ვახტანგ მეფეს კი თავშესაფარზეც უარი უთხრა. მონოგრაფიაში ყურადღება გამახვილებულია, ასევე, თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის მეფობის პერიოდზე. ნაშრომი სრულდება 1801 წლით – როდესაც რუსეთმა საქართველო საკუთარ გუბერნიად გამოაცხადა.

„როგორ ახერხებდა რუსეთი საქართველოს ისე მოჯადოებას, რომ იგი რამდენიმე მწარე გამოცდილების შემდგომაც მაინც „ქრისტესმოყვარე“ რუსეთის მფარველობის გულწრფელი მოიმედე იყო?“ წერს ივანე ჯავახიშვილი და აღნიშნავს  „რუსეთი საქართველოს ისე უყურებდა, როგორც კარგს იარაღს, რომელიც საჭიროებისამებრ შეიძლებოდა მშვენივრად გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. ეს აზრი თვით რუსეთის მთავრობას აქვს ცინიკური გულახდილობით გამოთქმული გრაფ ნ. პანინის პირით ერთს საიდუმლო მიწერილობაში, რომელიც მან სახელმძღვანელოდ საქართველოში მყოფ რუსეთის წარმომადგენელს, გენერალ ტოტლებენს გაუგზავნა: უნდა ეცადოთ საქმე საქართველოში ისე მოაწყოთ, რომ ყველაფერი ჩვენი „ხელმძღვანელობით ხდებოდეს“, თვით ქართველებს კი ისე ეგონოთ, ვითომც ისინი თავიანთ მთავრობის განკარგულებას ასრულებდნენ, თვით მთავრობაც დარწმუნებული იყოს, თითქოს ყველაფერი მისი სურვილისა და ნების თანახმად ხდებოდეს, ერთი სიტყვით, ყოველი ჩვენი წადილი განხორციელდეს, მაგრამ იმნაირად კი, რომ „სული აქაური (ე.ი. რუსული) იყოს, სხეული კი ქართულიო“.

ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ქართველებს „შორიდან გაგონილი ჰქონდათ“ რუსეთის „მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა“ და ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ რუსეთი მათ ოსმალებსა და სპარსებთან ბრძოლაში ძლიერ დახმარებას გაუწევდა: „რუსეთის მთავრობას და პოლიტიკოსებს არ გამოჰპარვიათ ქართველთა იმგვარი პოლიტიკური გულუბრყვილობა. მთელი მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, როდესაც კი რუსეთის სამხედრო თვალსაზრისით ქართველთა ძალის გამოყენება ოსმალეთის, ან სპარსეთის წინააღმდეგ საჭიროდ მიაჩნდათ, სწორედ ქართველთა ამ სუსტ გრძნობაზე და გულუბრყვილობაზე იყო ხოლმე დამყარებული. „ქართველებს მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობა აქვთ და ამაზეა დამოკიდებული მათი გულმოდგინება სრულიად რუსეთის კარისადმი და კეთილმოსურნეობა რუსი ხალხისადმიო“,  ასე ამბობდნენ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელნი  და ამ ქართველთა მხურვალე სარწმუნოებრივი გრძნობის საშუალებით ცდილობდნენ და ახერხებდნენ კიდეც ქართველების იმედად მოჯადოვებას, რომ რუსეთის პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად გამოეყენებინათ“.

მონოგრაფიაში ყურადღება გამახვილებულია 1783 წლის ხელშეკრულებამდე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულებაზე  როგორ მიატოვა 1770 წელს რუსეთის მხედრობის უფროსმა, ტოტლებენმა ერეკლე მეორე აწყურის ციხესთან და როგორ გაუფუჭდა მას სპარსებსა და ოსმალებთან ურთიერთობა, თუმცა ერეკლე მეორემ დიპლომატიური უნარების გამოყენებით კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყარა და თავისი გავლენა გაზარდა  „რუსეთის უპირობა და საქართველოს უმწეოდ მიტოვება მტრებთან ბრძოლის დროს ჩვენს ქვეყანას მარტო საერთაშორისო დამოკიდებულებას კი არ უფუჭებდა, მარტო მის გარეშე მტრებს კი არ ათამამებდა, არამედ შინაურ ცხოვრებაშიც არევ-დარევასა და სხვადასხვა პოლიტიკურ დასთა შორის ბრძოლას ამწვავებდა, მეფისა და მთავრობის პატივისცემისა და უფლების გაქარწყლებას ხალხის თვალში ხელს უწყობდა. ბევრნი ხედავდნენ, რომ მთავრობის მთელი პოლიტიკა საქართველოს უბედურების მეტს არას უმზადებდა და ამის გამო სპარსეთსა და ოსმალეთთან შეთანხმების მომხრენი დაუნდობლად ებრძოდნენ იმ წრეებს, რომელნიც რუსეთის მფარველობისა და მოკავშირეობის მომხრენი და მოთავენი იყვნენ. ეს შინაური უთანხმოება და ქიშპობა ძირს უთხრიდა ისედაც დაუსრულებელი ომებისა და მტრების შემოსევისგან დასუსტებულს სახელმწიფოს“.

1783 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება: მისი წარმოშობის ისტორია

          „ამ თვალსაჩინო პოლიტიკური გამარჯვებისდა მიუხედავად, ერეკლე მეფეს საქართველოს ბედი და თავისი თავი მთლად უზრუნველყოფილად არ მიაჩნდა. მას განსაკუთრებით ოსმალეთის გავლენა აფიქრებდა დაღესტანზე და ის ტახტის მაძიებელიც, რომელიც რუსეთითგან ჩამოვიდა და სახელმწიფოს მყუდროების დარღვევას და გამეფებას ცდილობდა. თუმცა ამ ტახტის მაძიებლის წადილი უნაყოფო გამოდგა, მაგრამ რაკი ოსმალეთის მთავრობა თავის მიზნებისთვის დაღესტანს ფულის საშუალებით საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებდა ხოლმე და არც სპარსეთის შაჰი შეჰყურებდა ერეკლე მეფეს მოწყალეს თვალით, ამის გამო, მას მომავალი საკმაოდ უზრუნველყოფილად არ მიაჩნდა. ერეკლე მეფე გრძნობდა, რომ მტრებისგან თავდაცვისთვის საქართველოსათვის მუდმივი ჯარია აუცილებლად საჭირო. ამის შესანახად კი ფული მას საკმაო არ ჰქონდა. ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრება ამ გაწეულ ხარჯს აინაზღაურებდა და მხოლოდ დროებითი დახმარება ესაჭიროებოდა.

ამ თავის გეგმის განსახორციელებლად მან ჯერ დასავლეთ ევროპას მიჰმართა თხოვნით. 1781 წელს ერეკლე მეფემ რომის იმპერატორს, იოსებ მეორეს წერილი მისწერა, რომელშიც სესხსა სთხოვდა საქართველოსა და ქრისტიანობის გადასარჩენად მტრებისაგან, მაგრამ მეფის ელჩი გზაში მოკვდა. ამის გამო, 1782 წელს ამგვარივე თხოვნა ხელმეორედ გაგზავნა და თანაც თავის მხრივ ჰპირდებოდა, რომ, თუ იმპერატორი სესხს მისცემდა. ოსმალეთის ომის დროს იმპერატორსა და გერმანიასთან საქართველო მთელი თავისი ძალ-ღონით თურქების წინააღმდეგ იმოქმედებდა. გამოურკვეველ მიზეზების გამო, მეფე ერეკლეს არც ამის პასუხი მოსვლია.

რუსეთს კი უკვე 1778 წლიდან მოყოლებული საიდუმლო გეგმა ჰქონდა სპარსეთის შესახებ და ამის სამზადისში იყო. ამ გეგმის ფარული მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა კასპიის ზღვაში ასტრაბადის ყურეს პირდაპირ მდებარე კუნძული დაეჭირა და რუსთა ახალშენი, წინასწარ „მელიტრონისად“, ე.ი. ფუტკართ კუნძულად წოდებული, დაეარსებინა აქეთგან რუსეთის ვაჭრობის გასავრცელებლად თვით აღმოსავლეთ ინდოეთამდის. მწარე გამოცდილებამ რუსეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ სპარსეთში მარტო კასპიის ზღვითგან მტკიცედ ფეხის მოკიდება შეუძლებელი იყო. ამისთვის სხვა გზაც იყო საჭირო.

ერეკლე მეფესთან საქართველოში გერმანელი მოგზაური დოქტორი რაინეგსი ცხოვრობდა, რომელმაც, ვითარცა აღმოსავლეთში ნამყოფმა კაცმა, ადგილობრივი ენებიც კარგად იცოდა. სხვათა შორის, ქართულიც შეისწავლა და ერეკლე მეფესთან დაახლოებული იყო. რუსეთის სახელმწიფოს მხედართ-მთავარმა, ფელდმარშალმა, თავადმა პოტიომკინმა ეს რაინეგსი საქართველოთგან თავისთან დაიბარა და 1782 წლის შემოდგომას ისევ საქართველოშივე გამოისტუმრა, მაგრამ ახლა უკვე ვითარცა რუსეთის წარმომადგენელი ერეკლე მეფისა და სოლომონ მეფის წინაშე. მას საგანგებოდ დავალებული ჰქონდა, ერეკლე მეფისათვის ჩაეგონებინა, რომ მას რუსეთის თვითმპყრობელისაგან მფარველობა ეთხოვა ფორმალურად.

            ამ დროს პატარა საქართველო და მისი გმირი, ნიჭიერი მეფე განმარტოებული და განათლებულ ქვეყნიერებას ყოველ მხრივ მოწყვეტილი იყო. საქართველოს მთავრობა დარწმუნდა, რომ ამაო იყო ყოველივე მისი ცდა ევროპის სახელმწიფოებამდის ხმის მისაწვდენად. რომ მოზღვავებულ მტრების წინააღმდეგ იქითგან დახმარების მოლოდინი ტყუილი ოცნება იქმნებოდა. ასეთს გარემოებაში ერეკლე მეფე და საქართველოს მთავრობა რაინეგსის რჩევას, რომელიც, როგორ ახლა ირკვევა, თვით რუსეთის მთავრობის მიერ დავალებული საიდუმლო მინდობილობა ყოფილა, რასაკვირველია, სიამოვნებით შეიწყნარებდა. რუსეთის მეტი მომშველებელი მაშინ მათ აღარავინ ეგულებოდათ და ისევ ამ ძლიერს ჩრდილოეთის სახელმწფოს მიმართეს.

ოფიციალური თხოვნა გაიგზავნა რუსეთში.

რუსეთის მთავრობას ძალიან იამა ეს ამბავი. ეკატერინე მეორეც ამ საქმისგან რუსეთისთვის დიდს სარგებლობას მოელოდა. 24 ივლისს 1783 წელს აღმოსავლეთ საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს“.

 

1783 წლის ხელშეკრულების შედეგი

„1783 წლის ხელშეკრულებას საქართველოსთვის არა მოუტანია რა. ზიანი კი  აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის სახელმწიფოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირე იყო ის დახმარება, რომელიც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში 2 ბატალიონი რუსის ჯარი მოვიდა. სამაგიეროდ შეექმნათ „შიშნეულობა მხედრობისა გამო რუსეთისა“ ადერბეჯანის ხანებს, რომელთაც წინათ, როგორც აღნიშნული იყო, მეფე ერეკლესთან კარგი განწყობილება. მათ საღი ალღოთი იგრძნეს, რომ საქმე მარტო საქართველოს მფარველობით არ გათავდებოდა და ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მათი „დაპყრობა ძალითა როსიისმხედრობისათა“. ამ მოსალოდნელი განსაცდელის წინაშე ადერბეჯანის ხანებმა ერთმანეთის მტრობა დაივიწყეს და შეექმნათ ერთიერთმანეთისადმი დაფარვით „დინ-თასლობისა თანხმობა“.

არაფრად მოეწონა საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ოსმალებს და ახალციხის ფაშას სულეიმანსაც. წინათ მასაც ერეკლე მეფესთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, 1783 წ. ხელშეკრულებამ ისიც დააფრთხო და საქართველოს მეფის მტრად აქცია. ოსმალეთმა თავის ჩვეულებრივს ხერხს მიჰმართა და ფულით დაღესტანიც აამხედრა საქართველოს წინააღმდეგ. „სულეიმან ფაშამ მოუწოდა დაღესტნის, ხუნძახის ბარონს“, და ისიც 30 000 ჯარით კახეთს შემოესია.

თვით ერეკლე მეფეს უერთგულესი ყმად-ნაფიცი და მეგობარი შუშის ხანიც კი რუსების მიმართ შიშით საქართველოს მეფეს განუდგა და გადაემტერა. მისი ჩაგონებით განჯელებმა ერეკლე მეფის მიერ დანიშნული განჯის გამგე გამოაძევეს. ყაზახისა, შამშადილისა და შამქორის ელებიც. რომელთაგან საქართველოს 6 000-მდე საუკეთესო ცხენოსანი მებრძოლი ემატებოდა ხოლმე, ამავე პოლიტიკური მიზეზის გამო შუშის ხანს მიემხრნენ და მტრობა დაიწყეს.

დაღესტნელების შემოსევა რომ უკუექცია, ერეკლე მეფემ სექტ. 1787 წ. ქართული და რუსული მხედრობითურთ განჯის წინააღმდეგ გაილაშქრა. სრული გამარჯვება იყო მოსალოდნელი, რომელსაც ერეკლე მეფის წინანდელი სახელი უნდა აღედგინა. მაგრამ სრულებით მოულოდნელად რუსის ჯარის უფროსს, მინისტრ-რეზინდენტ ბურნაშევს პოტიომკინისაგან საქართველოთგან დაბრუნების შესახებ ბრძანება მოუვიდა. მან განუცხადა მეფეს, რომ „დღესვე უნდა გავბრუნდეო“ და რამდენი არ სთხოვა ერეკლემ, რომ ლაშქრობის დამთავრებამდის მაინც მოეცადა, არ დარჩა: საჩქაროდ აიყარა და გამობრუნდა ტფილისისაკენ, ხოლო იქითგან რუსეთში გაემგზავრა მთელი ჯარით.

            1783 წ-ის ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომელნიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეები ხედავდნენ, რომ ამ პოლიტიკური ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთ საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰაბაზის შემდგომ არ ყოფილა.

ოსმალეთმა ახალციხის ფაშის პირით ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ოღონდ ის რუსეთს ჩამოჰშორებოდა და რუსის ჯარი საქართველოთგან გაესტუმრებინა და არამც თუ წინანდელი კეთილმეზობლური დამოკიდებულება საქართველოსთან აღდგენილი იქმნებოდა, არამედ გაცილებით უფრო მეტს სარგებლობასაც ჰპირდებოდა. ერეკლე მეფემ უარი შეუთვალა. ამის გამო 1786 წ. თურქები ფოთისა და ბათუმის გამგეობას შეუდგნენ. 12000 დაღესტნელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მათ მიერ ნაქირავები.

ერეკლე მეფე რწმუნდებოდა, რომ რუსეთის დახმარება და მფარველობა იმდენად მცირედი (სულ 1800 ჯარისკაცი) იყო, ის ვერაფერს უშველიდა. ამიტომ ქვეყანა რომ მოსალოდნელი შემოსევისა და ოსმალეთის გულისწყრომისგან ეხსნა, იძულებული იყო, ახალციხის ფაშისათვის დაზავების პირობად აღეთქვა, რომ ის მეტს რუსის ჯარს საქართველოში აღარ შემოიყვანდა. მაგრამ ოსმალეთმა ეს საკმარისად არ დაინახა და ამ დაპირების ასრულების საწინდრად 12 საუკეთესო თავადთა საგვარეულოთგან ორი წარმომადგენელი ამანათად მოითხოვა. ერეკლე მეფე იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ იძულებული გახდა 1787 წ. ივნისში ეს მძიმე და დამამცირებელი მოთხოვნილება აესრულებინა.

რუსეთმა თავისი ჯარი საქართველოთგან იმიტომ გაიყვანა, რომ იძულებული იყო, ოსმალეთთან ომში ჩაბმულიყო. ერთ-ერთ მიზეზად, რომელმაც ოსმალეთი რუსეთის მტრად აქცია და ომი გამოიწვია, რუსეთის საქართველოში მფარველის სახით შემოსვლა იყო. 15 ივლისს, 1787 წელს ოსმალეთმა რუსეთის დესპანს გადაჭრით მოსთხოვა, რომ მას საქართველოსთვის თავი დაენებებინა და ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს საქმეებში აღარ გარეულიყო. მალე ოსმალეთმა რუსეთის წინააღმდეგ მტრული მოქმედება დაიწყო კიდეც, ხოლო 7 ენ. 1787 წ. რუსეთმაც ოსმალეთს ომი გამოუცხადა.

ასეთ პირობებში იმ მცირედ ჯარის გაყვანის მაგიერ, რუსეთისგან, ვითარცა მფარველის მხრივ, სრულებით ბუნებრივი იყო საქართველოსთვის უფრო მეტი ჯარის მოშველება იმიტომ, რომ რაკი უთანხმოების ერთ-ერთ მიზეზად საქართველო ითვლებოდა, ოსმალეთის მხრით ამ ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მოქმედება თავისთავად მოსალოდნელი იყო. მაგრამ რუსეთის სამხედრო შტაბმა სამოქმედო გეგმა ისე შეადგინა, რომ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა ამ მხრითგან განზრახული არ იყო. ამიტომ რუსეთის მთავრობამ საქართველო მიატოვა და გადასწყვიტა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა თავის ძალით და წინანდელ მშვიდობიანი კავშირის აღდგენით თავისი თავი ამ ომის დროს ოსმალეთისგან უზრუნველ ეყო. ასე უცნაურად, სხვა არა იყოს რა, მსჯელობდა საქართველოს „მფარველი“ რუსეთის სახელმწიფოს მთავრობა, რომლის თაოსნობითაც, როგორც ვიცით, დადებული იყო 1783 წლის ხელშეკრულება ეგოდენ მშვენიერ საზეიმო აღთქმებით აღსავსე.

რუსეთის მთავარსარდალმა და ფელდმარშალმა თავად პატიომკინმა კიდევ იმდენი ურცხვობა გამოიჩინა, რომ 1788 წელს ასე უმწეოდ მიტოვებულს საქართველოს მეფესა ერეკლე მეორეს აქეზებდა, რომ მას სოლომონ მეფესთან შეთანხმებით ოსმალთა წინააღმდეგ ემოქმედა. მაგრამ მეფის გული მწუხარებისა და წყრომისა ცეცხლით იყო მოცული და მწარე გამოცდილებამ მას უკვე საკმაოდ თვალი აუხილა, რომ ასეთ უცნაურ რჩევისათვის ყური ეთხოვებინა“.

            ივანე ჯავახიშვილი მონოგრაფიის ერთ-ერთ შემაჯამებელ თავში წერს: „ერეკლე მეფე ღრმად მოხუცებული მოუსვენარ ცხოვრებისა და თავდატეხილი უბედურებისაგან დაავადებული გულის ტკივილით შეჰყურებდა, როგორ ინგრეოდა ის პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე, ქონებრივი კეთილდღეობაც, რომელიც მის მამის თეიმურაზ მეორისა და მის პირად დაუღალავ შრომითა და გამჭრიახობით იყო მოპოვებული. მის სიბერის დღენი ეგების იმ მწარე გრძნობით იყო მოწამლული, რომ ამის ბრალი მის პირადს პოლიტიკურს გულუბრყვილობას და რუსეთის მთავრობისადმი განუსაზღვრელ ნდობასაც ედებოდა“.


ბასტი მგალობლიშვილი/

წყარო: https://publika.ge/article/ras-werda-ivane-javakhishvili-gorgievskis-traqtatis-shesakheb/


Monday, March 11, 2024

აფხაზეთის ომი (1992 წლის 14 აგვისტო - 1993 წლის 30 სექტემბერი)

აფხაზეთის ომის შედეგად 250 ათასამდე საქართველოს მოქალაქე (ძირითადად, ქართველი ეროვნების) იძულებული გახდა, დაეტოვებინა აფხაზეთი, რაც ეთნიკური წმენდის ნათელი დადასტურებაა. 

13 თვეზე მეტხანს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებშAი დაიღუპა ქართული სამხედრო ფორმირებების 4 ათასზე მეტი მებრძოლი. დაახლოებით ამდენივე დაეღუპათ აფხაზებსაც იმათგან, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა. მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა ქართველი ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეებს შორის ორჯერ მეტია, რაც სეპარატისტებისა და კავკასიელ მთიელ ხალხთა კონფედერაციის მიერ მათი მასობრივად დახვრეტის შედეგია გაგრისა და სოხუმის დაკარგვის შემდეგ. ამ დანაშაულებს ეთნიკური წმენდისა და ქართველების გენოციდის ყველა ნიშანი აქვს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამას ყურადღებას ნაკლებად აქცევს. 

აფხაზეთის ომის ბოლოს, 1993 წლის სექტემბერში, სოხუმის აეროპორტსა და მის სიახლოვეს აფხაზმა სეპარატისტებმა რუსი სამხედროების დახმარებით სამი ქართული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს და აეროპორტში ააფეთქეს, რასაც 136 კაცი ემსხვერპლა. სამგზავრო ლაინერების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება საერთაშორისო ტერორიზმის ნათელი მაგალითია, თუმცა გაერომ სათანადოდ არ დაგმო ეს შემთხვევები, რასაც შემდგომში მოჰყვა საჰაერო ტერორიზმის სხვა გამოვლინებებიც, მათ შორის 2014 წელს უკრაინაში რუსული "ბუკით" მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდება და მის ბორტზე მყოფი 298 უდანაშაულო მგზავრის დაღუპვა.

რუსეთმა აფხაზეთის ომში პირველად დაკარგა იმ დროისთვის უახლესი და გასაიდუმლოებული გამანადგურებელი Су-27, რომელიც 1993 წლის 19 მარტს სოხუმთან ტყეში ჩამოვარდა, რაც მთელმა მსოფლიომ შეიტყო. თუმცა დიდხანს საიდუმლოდ რჩებოდა, რომ ჯერ კიდევ 1992 წლის 11 ნოემბერს გუდაუთიდან აფრენილი ასეთივე Су-27 შავ ზღვაში ჩავარდა.

/"კვირის პალიტრა" - ავტორი: ირაკლი ალადაშვილი



Thursday, March 7, 2024

სამშობლოს არვის წავართმევთ ნურც ნურვინ შეგვეცილება...

მე- 7დ კლასის მოსწავლეები უერთდება ოკუპაციის კვირეულს . აღნიშნულ თემაზე დაამუშავეს მასალები, მოამზადეს ბროშურები, თავისი ხელით დაწერეს პლაკატი ვაჟას სიტყვებით: " სამშობლოს არვის წავართმევთ ნურც ნურვინ შეგვეცილება" ... და სკოლის დერეფანში განახორციელეს პერფორმანსი.













Wednesday, March 6, 2024

საქართველოს ანექსია ბოლშევიკური რუსეთის მიერ

1918 წელს , როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა,რუსეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და იმპერიის მარწუხებიდან ახლად გათავისუფლებული ქვეყნების დასაპყრობად ჯერ არავის ეცალა . მოსკოვმა მაშინ სხვაგვარ : მან ხელი შეუწყო ადგილობრივი ბოლშევიკური დაჯგუფებების შექმნას, რომლებსაც მეხუთე კოლონის როლი უნდა შეესრულებინათ . ბოლშევიკების გარდა, მოსკოვმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები დაუპირისპირა.

   საქართველოში რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს  ფილიპე მახარაძე , სერგეი კიროვი , სტეფანე შაუმიანი , სერგო ორჯონიკიძე და სხვები ატარებდნენ . ისინი უშუალოდ ვლადიმერ ლენინსა და იოსებ სტალინისაგან იღებდნენ მითითებებს .

   მათი მუშაობის პირველი შედეგები  1918 წლის ზაფხულში დუშეთის მაზრაში მოწყობილი ბოლშევიკური ჯანყის დროს განოჩნდა , სადაც რუსეთის კავკასიის არმიის სარდლობამ სამხედრო ინსტრუქტორები და დიდი რაოდენობით იარაღი შეგზავნა. აჯანყებულებმა რამდენიმე სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გვარდიელები დახოცეს .ქართულმა რეგულარულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ დაამარცხეს და გაფანტეს აჯანყებულები , რომლებმაც ჩრდილო კავკასიას შეაფარეს თავი. 1919 წლის ივლის-აგვისტოში , ქართველი ბოლშევიკების აგიტაციით, შეიარაღებული გამოსვლები მოეწყო საქართველოს ზოგიერთ ქალაქში , თუმცა მაშინ ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს ამ გამოსვლების საყოველთაო აჯანყებად გადაქცევა , ლოკალური აჯანყებების ლიკვიდაცია კი საქართველოს მთავრობას არ გასჭირვებია .

   რუსეთის სამოქალაქო ომის მიწურულს დაპირისპირებული მხარეების ( წითელარმიელებისა და თეთრგვარდიელების) სტრატეგიული ინტერესის საგანს წარმოადგენდა კასპიის ნავთობი . ლენინმა გადაწყვიტა , დაესწრო მოწინააღმდეგისთვის და ბოლშევიკური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს , სერგო ორჯონიკიძეს , ბაქოს აღება დაავალა . 1920 წლის აპრილის დამლევს საბჭოთა რუსეთის XI წითელი არმია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შეიჭრა და იქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა . ამის შემდეგ ბოლშევიკები საბაბს ეძებდნენ საქართველოში შემოსაჭრელად .

   1920 წლის 1-2 მაისს ღამით ქართველი ბოლშევიკები თავს დაესხნენ იუნკერთა სამხედრო სასწავლებელს თბილისში . 2 მაისს აზერბაიჯანში დაბანაკებულმა XI არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი გადმოლახა და თბილისისკენ აიღო გეზი , მაგრამ ქვეყანა ანექსიას ამჯერადაც გადაურჩა . ქართული აემიის მიერ წარმატებით მოგერიებული შეტევის შემდეგ რუსეთმა დროებით უკან დაიხია .

  ნოე ჟორდანიას ინიციატივით რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკება

გაიმართა. 1920 წლის 7 მაისს ორ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება დაიდო . მართალია , საბჭოთა რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა , მაგრამ მისმა დიპლომატიურმა სამსახურმა გააგრძელა აქტიური მუშაობა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოსაქცევად .ამავე დროს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით საქართველოში ბოლშევიკების საქმიანობა ლეგალური გახდა .ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქართველი ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას .

  1920 წლის ნოემბერში XI წითელმა არმიამ სომხეთის რესპუბლიკა  დაიკავა . საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშო გახდა . 1921 წლის იანვარში  მოსკოვში საბოლოოდ დაზუსტდა საქართველოსთან ომის გეგმა : ლორეს რაიონში , რომელსაც შორეული ადმინისტრაცია განაგებდა , აჯანყების ინსცენირება უნდა მოწყობილიყო და ,,აჯანყებული მშრომელების” დასახმარებლად სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოს საზღვრებში XI არმია უნდა შემოჭრილიყო. გეგმის რეალიზება ორჯონიკიძესა და კიროვს დაევალა. 1921 წლის 12 თებერვალს , ღამით ბორჩალოს მაზრის  რუსულ და სომხურ სოფლებში ,, აჯანყება” დაიწყო . 15 თებერვალს სტალინმა მოსკოვიდან ორჯონიკიძეს აცნობა , რომ XI არმიას დაუყონებლივ უნდა დაეკავებინა თბილისი . 19 თებერვალს თბილისის მისადგომებთან გამართულ ბრძოლაში ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ წითელ არმიას უკან დაახევინა . სასტიკი ბრძოლები გაიმართა ასევე , სოფელ კოჯორთან , სადაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ქართველმა იუნკერებმა . საქართველო-რუსეთის ომის ფრონტის ხაზი კახეთიდან მანგლისამდე 90 კილომეტრზე გადაიჭიმა .

  1921 წლის 22 თებერვალს ფაქტობრივად რუსეთის მხარდამჭერმა თურქეთის მთავრობამ საქართველოს ულტიმატუმი წარუდგინა და არტაანისა და ართვინის რაიონების დაცლა მოსთხოვა . შექმნილ ვითარებაში საქართველოს მთავრობამ თურქეთთან ომს არტაანისა და ართვინის დათმობა ამჯობინა . ქართული ჯარი ამ რაიონებიდან გაიყვანეს . რუსების კავალერია , სოფელ დიღმის გავლით , ქართული ჯარის ზურგში შეიჭრა . იმავდროულად მტერმა კოჯრიდან საბურთალოს მიმართულებით შეუტია.XI არმიის სარდლობა ცდილობდა , ვაზიანიდანაც შეჭრილიყო ქართველი ჯარის ზურგში. 24 თებერვალს საღამოს 10 საათზე , საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილებით , ქართულმა ჯარმა მცხეთის მიმართულებით უკან დახევა დაიწყო . გადაწყდა ახალი გამაგრებული ხაზის შექმნა . 25 თებერვალს თბილისში რუსეთის XI წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ .

  თურქეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ სცადა შექმნილი მდგონარეობის სათავისოდ გამოყენება . ამჯერად მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ულტიმატუმის სახით მოსთხოვა ბათუმისა და ბათუმის ოლქში მყოფი ქართული ჯარის განიარაღება , რაზეც უარი მიიღო . ბრძოლა დაიწყო ბათუმშიც . ქართვრლებმა განდევნეს თურქები . დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა . 

  შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად , საქართველოს დემოკრატიული    რესპუბლიკის მთავრობა არ დათანხმდა საბჭოთა რუსეთის წინაშე კაპიტულაციას . ბათუმში გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე გადაწყდა საქართველოს დემოკრატიული რესოუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა , სადაც მათ რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა გაეგრძელებინათ. თვით დამფუძლენებლ კრებას , როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს , თავისი უფლებამოსილება არ მოუხსნია .

    1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ბათუმი დატოვა და ემიგრაციაში გაემგაზვრა. თურქებმა ისევ სცადეს ბათუმის დაკავება . ქართული ჯარისა და სახალხო გვარდიის ნაწილმა, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით , გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს თურქებს და შეძლეს მათი უკუგდება. საქაეთველო-რუსეთის ომი 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემითა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებით დასრუკდა .

    საბჭოთა ხელისუფლებამ იმთავითვე იზრუნა საერთაშორისო ასპარეზზე კავკასიის დაპყრობის გაფორმებასა და სამხრეთ საზღვრების უსაფრთხოებაზე : 1921 წლის 16 მარტს ფურქეთთან გაფორმდა მოსკოვის ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც 13 ოქტომბერს ქალაქ ყარსში , რუსეთის ინიციატივით , დაიდო კიდევ ერთი ხელშეკრულება ამიერკავკასიის რესპუბლიკების ბოლშევიკურ მთავრობებსა და თურქეთს შორის .  

მოამზადა მარიამ გაჩეჩილაძემ

ესეების კონკურსი

  სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში  ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა ესეების კონკურსი, წარმოგიდგენთ გამარჯვებულ თემებს: ოკუპაც...